ლევან რატიანი: 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს კლინიკას, მათ შორის ორი მოზარდია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 83 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, 5 პაციენტს, მათ შორის 2 მოზარდს, განმეორებით ჩატარებული ტესტის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა და, შესაბამისად, ისინი კლინიკას დატოვებენ.

“ამ ეტაპზე, კლინიკაში 99 პაციენტი წევს, აქედან კორონავირუსი 83-ს აქვს დადასტურებული. განმეორებით 5 პაციენტთან მივიღეთ უარყოფითი პასუხი და 5-ვე პაციენტი დატოვებს კლინიკას. მათ შორის ორი არის მოზარდი – 14 და 15 წლის.

რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი გვყავს, გუშინ გითხარით, რომ უარყოფითი დინამიკის გარეშეა. 82 წლის ქალბატონი, რომელიც არის შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვედა კიდურის ამპუტაციით მიკროამპითაგიის გამო გართულებული პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან, არის კონტაქტური, ადეკვატური, გემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები სტაბილურია, რჩება ოქსიგენ დამოკიდებულება. ეს მაგალითი მოვიყვანე იმიტომ, რომ ამ ქალბატონს ბოლო 30 წელია, შაქრიანი დიაბეტი აქვს, იმყოფება ინსულინო თერაპიაზე, ანუ კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტი გართულებული სხვადასხვა ფორმებით არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს კოვინფექციასთან შერწყმის შემთხვევაში. ამ ვირუსს ყველამ “მკვლელი” დაარქვა, მაგრამ ამ ფუნქციამ ლიკვიდაცია განიცადა.

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. გუშინ მივიღეთ ორი ახალი პაციენტი, მათთან ჩატარებული კვლევის შედეგად არცერთთან პათოლოგიური დაზიანების კერა არ გამოვლინდა”, – განაცხადა რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები