ქობულეთის მერი: 4 ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი კვლავ ძალაშია
ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღდუდვები კვლავ ძალაშია, – ამის შესახებ ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ მოსახლეობა დაიცავს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, გარკვეული შეზღუდვების შერბილება შესაძლებელი იქნება.
„თუ მოსახლეობა მკაცრად დაიცავს საკარანტინო რეჟიმის მოთხოვნებს, იმ ძალიან მნიშვნელოვან მითითებებს, რომელიც ეხება სოციალურ დისტანციას, ასევე, საგანგებო მდგომარეობის სხვადასხვა რეგულაციებს, ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შერბილება ან მოხსნა. ჯერჯერობით, ამ 4 ადმინისტრაციულ ერთეულში ეს საგანგებო რეჟიმი ინარჩუნებს ძალასა და მოქმედებას. და მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად შეასრულონ ყველა მოთხოვნა. საკარანტინე რეჟიმი თავის თავში გულისხმობს, როგორც შემოსვლის ასევე გასვლის უფლების შეზღუდვასა და აკრძალვას. თავის დროზე იქნა დაშვებული კონკრეტული ერთი მიმართულებით გადაადგილება და განემარტა ყველა მოქალაქეს, რომ შეზღუდული იქნებოდა საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით სხვა მომავალი გადაადგილება.
ჯერჯერობით, საგანგებო მდგომარეობა ინარჩუნებს თავის ძალასა და მოქმედებას და მოქალაქეებს აქვთ ვალდებულება დაემორჩილონ ამ საგანგებო რეჟიმით განსაზღვრულ რეგულაციებს. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება შემდგომში COVID 19-ის განვითარების კუთხით სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ან დინამიკა სხვადასხვა კუთხით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება საგანგებო რეჟიმის რეგულაციების მოქმედებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.
შეგახსენებთ, 27 აპრილიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იქნა გარკვეული შეზღუდვები მოხსნილი, თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში კვლავ რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი.