გიორგი ხოჯევანიშვილმა სოფელ ფცაში ხეხილის ბაღი დაათვალიერა
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, შიდა ქართლის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კულტურებია გაშენებული და ფერმერების თქმით, წელს კარგ მოსავალს ელოდებიან.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში მდებარე ხეხილის ბაღი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დაათვალიერა. ფერმერს 50 ჰა-მდე მიწის ნაკვეთზე ვაშლი, ბალი და კაკალი აქვს გაშენებული. მისი თქმით, საგაზაფხულო სამუშაოების უწყვეტ რეჟიმში განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მიუხედავად არსებული ვითარებისა, სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს.
,,მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, შიდა ქართლის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, მოსავლიანობის თვალსაზრისითაც კარგ მოსავალს ელოდებიან ფერმერები. დღეს ქარელის მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ სავარგულები, სადაც ჰექტრობით მიწებზე სხვადასხვა კულტურებია გაშენებული. სოფლის მოსახლეობა, ვინც ამჟამად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებითაა დაკავებული, მაქსიმალურად ითვალისწინებენ სახელმწიფო მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს და ამ მხრივ რეგიონში პრობლემა არ გვაქვს”, – აღნიშინა რწმუნებულმა.