ცოტნე ზურაბიანი: წყალტუბოში COVID 19-ით ინფიცირების პირველი ფაქტის დადასტურებისთანავე საქმეში შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად ჩაერთვნენ

“წყალტუბოში COVID 19-ით ინფიცირების პირველი ფაქტის დადასტურებისთანავე საქმეში შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად ჩაერთვნენ”, – ამის შესახებ წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა.

ზურაბიანი შემთხვევის აღმოჩენის შედეგად გატარებულ ღონისძიებებზე საუბრობს.

“მუნიციპალიტეტში აღნიშნული შემთხვევა უკვე მეხუთეა სოფელ ფარცხანაყანევის 4 ფაქტის შემდეგ. ფაქტის დადასტურებისთანავე ოპერატიულად ჩაერთო საქმეში შესაბამისი სამსახურები. სასწრაფოდ იქნა მოკვლეული ინფიცირებულის კონტაქტები. დადგინდა 12 კონტაქტი, აქედან 2 ინფიცირებულის მეუღლე და შვილია, რომლებიც იმავე სამსახურში მუშაობენ, 8 ინფიცირებულის თანამშრომელია, 1 შვილის მეგობარი, რომელსაც ჰქონდა ოჯახთან არაერთგზის შეხება და 1 ტაქსის მძღოლი, რომელმაც მოახდინა ინფიცირებულის მეუღლის ტრანსპორტირება ქუთაისში. 11 ადამიანი გადაყვანილი იქნა სასტუმრო “ლეგენდს სპა რესორტის” საკარანტინე სივრცეში, ხოლო 1 თანამშრომელი, რომელსაც აქვს პირობები საკუთარ სახლში, დაიცავს თვითიზოლაციას 2-კვირიანი ვადით”, – განმარტავს დეპუტატი.

ცოტნე ზურაბიანის განმარტებით, განხორციელდა ინფიცირებულის კერძო ბინის, კორპუსის სადარბაზოსა და 3 მაღაზიის დეზინფექცია, სადაც, როგორც გაირკვა, იმყოფებოდა ინფიცირებული.

მისივე თქმით, წყალტუბოს ჯანდაცვის ცენტრის მიერ ჩაუტარდა თერმოსკრინინგი ინფიცირებულის სადარბაზოს ყველა მაცხოვრებელს, შესაბამისი მაღაზიების თანამშრომლებს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დანარჩენი სადარბაზოების თერმოსკრინინგი, რომელიც, ჯამურად, 50-მდე ადამიანს ჩაუტარდება.

„ხვალინდელ დღეს იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგები 12-ვე კონტაქტში მყოფ პირს აუღებენ ნაცხს ვირუსზე. სტაციონარიდან გაეწერა სოფელ ფარცხანაყანევში მეოთხე გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც დანარჩენი 3 გამოჯანმრთელებულის მსგავსად დაიცავს ორკვირიან თვითიზოლაციას”, – აღნიშნავს დეპუტატი.

ცნობისთვის, წყალტუბოში COVID 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების” მეეზოვეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები