თენგიზ ცერცვაძე: ასაკოვანი ადამიანების ტესტირება სერიოზული ნაბიჯი იქნება ინფექციის კონტროლისა და გარდაცვლილთა დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე
“ასაკოვანი ადამიანების ტესტირება იქნება სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში „კოვიდ“ ინფექციის კონტროლისა და გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივაზე იყო საუბარი. მინისტრმა გააჟღერა, რომ, ტესტირების გაფართოების პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფად გამოყოფილი იყოს ასაკოვანი ადამიანების ტესტირება და, პირველ ყოვლისა, იმ ადგილებში, სადაც ადამიანები კომპაქტურად ცხოვრობენ. როგორც შევთანხმდით, ეს ღონისძიება გატარდება დაუყონებლივ და წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება საქართველოში კოვიდ ინფექციის კონტროლისა და გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ეპიდემიაზე კონტროლისთვის გაცილებით ეფექტურია სამიზნე ჯგუფების გაფართოებული და მიზნობრივი გამოკვლევა.
“ეპიდემიაზე კონტროლისთვის გაცილებით უფრო ეფექტურია სამიზნე ჯგუფების გაფართოებული და მიზნობრივი გამოკვლევა, ვიდრე ზოგადად, მთლიანად მოსახლეობის გამოკვლევა, რადგან მთლიან მოსახლეობას მაინც ვერ გამოვიკვლევთ და თან არასამიზნე ჯგუფებში ამ ინფექციის გამოვლენის ალბათობა არის ძალიან დაბალი“, – განაცხადა ცერცვაძემ.