ზურაბ ქადაგიძე: ქართველ ხალხს კარგი მეხსიერება აქვს და რჩევას მივცემდი ოპოზიციას ნუ დაავადდებით „გუბაზიზმით”

„რაც არჩევნები მოახლოვდება, პოლიტიკური პროცესებიც დაიძაბება და ეს გასაგებია, თუმცა ქართველ ხალხს კარგი მეხსიერება აქვს და რჩევას მივცემდი ოპოზიციას ნუ დაავადდებით “გუბაზიზმით”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის” დამფუძნებელი, ზურაბ ქადაგიძე აცხადებს.

მისი თქმით, ყველა პარტია და სუბიექტი ცდილობს პრინციპულობა შეინარჩუნოს, თუმცა, ვის როგორ გამოსდის ეს სხვა საკითხია.

„პოლიტიკურ ცხოვრებაში შეხედულებების ცვლა არ არის ახალი მოვლენა. ცუდი არაფერია, თუ ღირებულებებს გადააფასებ. პოლიტიკა ხომ დინამიური პროცესია და ამ პროცესის შემოქმედი ადამიანებიც ვითარდებიან, იხვეწებიან, უყალიბდებათ ახალი უნარები, სწავლობენ სხვადასხვა პიარ-ტექნოლოგიებს და ა.შ. ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური იდეოლოგიების დახვეწასა და ამომრჩევლებამდე სწორი, მიზანმიმართული მოქმედებებით მიტანას, რათა ხალხმა გააკეთოს არჩევანი, თუმცა ყველა პარტია და სუბიექტი ცდილობს ყველაზე მთავარი – პრინციპულობა შეინარჩუნოს. ვის როგორ გამოსდის ეს სხვა საკითხია, თუმცა პოლიტიკაში პრინციპულობა ღირსების ერთ-ერთი განმსაზღვრელია.

სამწუხარო რეალობაა ქართულ ოპოზიციურ სპექტრში (საბედნიეროდ ყველა არ იგულისხმება), სადაც ღირებულებების რადიკალური ცვლა, უპრინციპობის დემონსტრირება, ხელისუფლებაში მოსვლის ჟინით ჩადენილი დესტრუქცია და სხვა ქართული პოლიტიკის ყოველდღიურობად იქცა.

ჩემთვის მიუღებელია, თუმცა გასაგებია “ნაც-მოძრაობის” ტაქტიკა – გააფუჭონ ყველაფერი კარგი, ერთი მოტივით – ჩვენ თუ ცუდები ვართ ეს მთავრობა ჩვენზე ცუდია.

„ევრო-ნაცებისა” და „ნაც-სატელიტების” სტრატეგია: ჩვენ ვიყავით წინა ხელისუფლებაში და ვთვლით, რომ გადაცდომების (რა ირონიაა ბოროტება გადაცდომა ყოფილა) გამო დავკარგეთ ძალაუფლება და სწორედ ამიტომაც გავემიჯნეთ სააკაშვილს, რომ ახალი „სმარტი” ძალაა საჭირო.

გასაგებია შალვა ნათელაშვილის ყოველდღიური „მასკარადები” – მთავარია პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს, რომ პირადი კეთილდღეობა მოიწყოს. თავისივე თანაგუნდელებმაც კი დაადანაშაულეს „ვერცხლისმოყვარეობაში”. ეს ყველაფერი გასაგებია, ერთი აბსურდული მოვლენის გარდა, რომელსაც გუბაზ სანიკიძე ეწოდება. ადამიანი, რომელიც „სინათლის სისწრაფით” იცვლის პარტიებს, შეხედულებებს, ფასეულობებს. ყოველდღიურად გვმოძღვრავს და რასაც სულ ცოტახნის წინ ბოროტებას ეძახდა ახლა უპირობო სიკეთედ გვასაღებს. საუბრობს ისეთი აღტკინებით ადამიანს შთაბეჭდილება დაგრჩება, რომ მთელ საქართველოს მისი ვალი აქვს. სახელმწიფოს და ხალხს მისი, როგორც უმაღლესი მორალისტის რაიმე მართებს არადა, ამ კაცის მთელი შემოქმედება ორ სიტყვაში ეტევა – „პოლიტიკური თითლიბაზი”.

P.S. რაც არჩევნები მოახლოვდება, პოლიტიკური პროცესებიც დაიძაბება და ეს გასაგებია, თუმცა ქართველ ხალხს კარგი მეხსიერება აქვს და რჩევას მივცემდი ოპოზიციას ნუ დაავადდებით “გუბაზიზმით”, – აცხადებს ქადაგიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები