ლევან დავითაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, ფერმერებმა მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია, მიიღონ შემოსავალი და არ დაზარალდნენ. რაც შეეხება ფასებს, უნდა იყოს კონკურენტული გარემო, იმის იქეთ ჩვენი პასუხისმგებლობა ვერ გავრცელდება”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს პროდუქციაზე მოთხოვნა ისეთივე არ არის, როგორც ეს გასულ წელს იყო.
„დღეს მაღალი ფასის მოთხოვნა ნიშნავს, რომ ყველა სახის ქართულ პროდუქტის სუბსიდირება სახელმწიფომ მოახდინოს, რაც წარმოუდგენელია; ქვეყნის ბიუჯეტი, გადასახადის გადამხელების მიერ გადახდილი გადასახადები ამას ვერ აუვა. ჩვენ წინა წლებში მაისში გვქონდა ტურიზმის პიკი. მოლოდინი იყო, რომ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი გვეყოლებოდა. მაისი არის თვე, როდესაც საქართველოში შემოდის ახალი, ცოცხალი პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული, რომელიც ქართული აგრარული წარმოების მნიშვნელოვანი პროდუქტებია. გაზრდილი მოთხოვნის პირობებში ლოგიკურია გაზრდილი ფასის მოლოდინი, მაგრამ დღეს მოხმარების და, შესაბამისად, მოთხოვნის ნაწილი შესუსტებულია. დღეს მოთხოვნა ისეთივე არ არის, როგორც ეს გასულ, 2019 წელს იყო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.