უკრაინელი პოლიტოლოგი: სააკაშვილის დანიშვნა შს მინისტრის საწინააღმდეგოა და არა რეფორმატორული
უკრაინის გლობალური სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორის, ვადიმ კარასევის აზრით, მიხეილ სააკაშვილისთვის რეფორმების საკითხთა ვიცეპრემიერის პოსტის შეთავაზება ნაკლებად უკავშირდება რეფორმატორულ მიზნებს.
კარასევის თქმით, მაღალი ალბათობით, ეს შს მინისტრის, არსენ ავაკოვის საწინააღმდეგო შეთავაზებაა, რომელიც რეალურად უკრაინის დე-ფაქტო პრემიერმინისტრია.
ამის შესახებ ვადიმ კარასევმა “ეხო მოსკვის” განუცხადა.
“არ მგონია, მოტივი რეფორმატორულია – დიდი ალბათობით, ის ანტიავაკოვურია. ავაკოვმა და ძალოვანთა კლანმა საგანგებო მდგომარეობის პირობებში საკუთარი პოზიციები გააძლიერეს. სააკაშვილის ამოცანა კი, ავაკოვის შეკავებაა, რომელიც დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრია. ამიტომ, საჭიროა ბალანსი. სააკაშვილის რეფორმატორული სამომავლო საქმიანობა მხოლოდ შენიღბვმა”, – აღნიშნა ვადიმ კარასევმა.
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების საკითხთა ვიცეპრემიერის თანამდებობა შესთავაზა.
როგორც სააკაშვილმა თქვა, მან შეხვედრა უკვე გამართა პრემიერსა და ზელენსკისთან.
სააკაშვილის კანდიდატურის საკითხს 24 აპრილს უმაღლესი რადა განიხილავს.
რაც შეეხება არსენ ავაკოვისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობას – ჯერ კიდევ ოდესის გუბერნატორის თანამდებობის დროიდან, ორი მაღალჩინოსანი ერთმანეთს ღიად ვერ იტანდა. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ავაკოვსა და სააკაშვილს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანდასწრებით შეკამათებაც მოუვიდათ, რომლის შედეგად უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილის მისამართით წყლით სავსე ჭიქა ისროლა.