მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-60 ადგილზეა

საერთაშორისო ორგანიზაციის –  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 0.39 ქულით გაუმჯობესდა და 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზეა. ორგანიზაციის შესაბამისი ანგარიში დღეს გამოქვეყნდა.

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა, პოლონეთი, საბერძნეთი, იაპონია, უკრაინა, მალტა და უნგრეთი.

ანგარიშში საქართველოში მედიაგარემო შეფასებულია, როგორც „პლურალისტული, თუმცა არა – ბოლომდე დამოუკიდებელი”.

„საქართველში მედია პლურალისტულია, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია. რეფორმებმა, რომლებიც ბოლო წლებში გატარდა, მედიამფლობელების გამჭვირვალობის ხარისხი და თანამგზვარული ტელევიზიის პლურალიზმი გააუმჯობესა, თუმცა მედიაკომპანიების მფლობელები ჯერ კიდევ ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში”, – ნათქვამია ორგანიზაციის „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე” ანგარიშში.

მსოფლიო პრესის თავისუფლების 2020 წლის ინდექსში 61-ე ადგილზეა სომხეთი, აზერბაიჯანი – 168-ე, თურქეთი – 154-ე, რუსეთი – 149-ე, უკრაინა – 96-ე.

2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში, 2017 წელთან შედარებით, საქართველო სამი პუნქტით დაწინაურდა. კერძოდ, ქვეყანა 64-ე პოზიციიდან 61-ე ადგილზე გადავიდა. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ქვეყანა ამავე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსში მე-100 ადგილზე იყო და 2013 წლიდან 40 საფეხურით დაწინაურდა. ექსპერტების შეფასებით, მე-60 ადგილი ისტორიულად საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები