მამა ანდრია სარია: გავიგოთ, ღმერთს არავინ გვართმევს! ნურავინ იტყვის, რომ ღმერთი გვცდის, ეს სიცრუეა
„გავიგოთ, ღმერთს არავინ გვართმევს!“ – ამის შესახებ მღვდელმონაზონი ანდრია სარია აცხადებს.
მისი თქმით, სიცრუეა ის, რომ ღმერთი გვცდის.
„წითელი პარასკევი მაცხოვრის ჯვარცმის დღეა, როდესაც არ დაინდო ადამიანმა უფალი. დღევანდელი დღე განმეორებითი ჩვენებაა ამ სცენისა, რადგან საპატრიარქო და სახელმწიფო გეგმავს ადამიანების ჯვარცმას. გავიგოთ, ღმერთს არავინ გვართმევს! ნურავინ იტყვის, რომ ღმერთი გვცდის, ეს სიცრუეა. უფალი ამბაკუმ წინასწარმეტყველის დროს მავნებლებს შეაგონებდა: ,, რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი” (ამბაკ. 1. 3). საპატრიარქოსაც ევალება გაითვალისწინოს ეს სიტყვები: ,,ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს” (რომ. 15. 4). იმედი უნდა გვქონდეს და არა შიში, რასაც დღეს ესენი აკეთებენ, სიკვდილის შიშს თესავენ ხალხში და არა იმედს! ღმერთს სძულს ბოროტება და ამ გზით გამოწვეული ტანჯვა… საპატრიარქო კი რატომღაც სიყვარულით ხვდება. შევახსენოთ წმინდა წერილიდან სიტყვები: ,,აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში: ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები,ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები, ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი” (იგავი 6. 16-19), ვინმე ხომ არ გვახსენდება ამ სიტყვების კითხვისას? მე, სამწუხაროდ, საპატრიარქოს ვხედავ! ღმერთს ნუ აბრალებთ განსაცდელსა და ბოროტებას, რადგან: ,,მისმინეთ, გულისხმიერნო! შორს იყოს ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან!” (იობ. 34.10) იაკობი უფრო დეტალურად ხნის: ,,ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს.არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება ” (იაკ. 1.13-14), სწორედ ის ადამიანები გვიპირებენ მოსპობას, რომლებიც საკუთარი აზრებისა და ,,სიბრძნის” ტყვეობასი არიან. ღმერთი დაივიწყა ამ ხალხმა, მორწმუნემ იქნებ ეს ენა მაინც გაიგოს, რაც წმინდა წერილში წერია. ცალკე სახელმწიფო გახდა საპატრიარქო, ყოველი მისი განცხადება იმლერატიულია… ბოლო ,,დეკრეტში” წერს: ჩვენთან არ შეუთანხმებიათო მანქანებით გადაადგილების აკრძალვა… გესმით! მასთან შეთანხმების გარეშე ყველა ,,დავისჯებით”…“, – წერს მამა ანდრია სარია.