ლევან რატიანი: კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთაგან ერთი 82 წლის ქალია და ერთი ორსული
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა რამდენიმე პაციენტმა დატოვა, მათ შორის ერთი 82 წლის ქალია და ერთი – ორსული.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 82 პაციენტი მკურნალობს.
“ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი, აქედან 82 არის ინფიცირებული. იცით, რომ რამდენიმე პაციენტმა დატოვა კოვიდინფექციის გარეშე კლინიკა, მათ შორის არის ქალბატონი, 82 წლის, რომელიც მკურნალობდა რეანიმაციის განყოფილებაში. ქალბატონი დღეს გაეწერა სახლში კოვიდინფექციისგან გამოჯანმრთელებული. ასევე, იცით, რომ გაეწერა ორსული ქალბატონი. სულ კლინიკაში გვყავდა ორი ორსული, ერთი წავიდა გუშინ, ერთი წავიდა დღეს. ასევე, გვყავს 3 მოზარდი, რომელთა მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია, კლინიკური გამოვლინების გარეშეა“, – განაცხადა რატიანმა.