გიორგი ვოლსკი: ხელისუფლება საპატრიარქოსთან ერთად ფიქრობს, არ შეირყეს ის საფუძველი, რაზეც საქართველო დგას

„ხელისუფლება საპატრიარქოსთან ერთად ფიქრობს არ შეირყეს ის საფუძველი, რაზედაც საქართველო დგას და საფუძველთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ეკლესია და ტრადიცია, რომელიც საუკუნის განმავლობაში მოგვდევს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ PosTv-ის ეთერში განაცხადა.

„ეკლესია ვერ დაიხურება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მძევალი. პირიქით, რასაც პრემიერმინისტრი ამბობს, ის ხვალინდელ დღეზეც არის გათვლილი, რომ საზოგადოებაში არ შეიქმნას დაპირისპირება მორწმუნეთა შორის – რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი მისვლა აუცილებელია ეკლესიაში და რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი მისვლა აუცილებელი არ არის. მთავრობამ, რეალურად, იმაზეც უნდა იფიქროს, რომ საზოგადოების შიგნით არ გაჩნდეს დაპირისპირება, მითუმეტეს, ჩასაფრებული ხალხის არსებობის გათვალისწინებით”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მოცემულ სიტუაციაში პასუხისმგებელია თითოეული მოქალაქე.

„რაც  უნდა მოგვიწოდონ ეპიდემიოლოგებმა, რაც  უნდა პოლიციელების დიდი პოსტები გავშალოთ მთელს ქალაქსა და სახელმწიფოში, თუკი ადამიანმა არ გაითავისა, რომ საფრთხეს უქმნის მეორე ადამიანს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, საფრთხეს უქმნის არა მარტო სასულიერო პირებს, არამედ ეკლესიას და მის ავტორიტეტს, ვერაფერი ვერ დააკავებს იმ უბედურებას, რაზედაც გვესაუბრებიან ჩვენი ეპიდემიოლოგები და ავტორიტეტული ექიმები. მათ რეალურად იციან, რა შეიძლება ამას მოყვეს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა დღეს გადამწყვეტია”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები