დასავლეთ საქართველოში ფაროსანას მონიტორინგის პირველი ეტაპი დასრულდა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პირველ ეტაპზე, მონიტორინგის 2520 სისტემა დამონტაჟდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, მონიტორინგის სისტემები სოფლების შესასვლელებში, მიტოვებული შენობების მიმდებარედ და ტყისპირა ზოლებში განათავსეს.
“აღნიშნული სადგურების მეშვეობით ხდება მავნებლის იდენტიფიკაცია და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ფერმერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კოორდინებულ მუშაობას დისტანციურად აგრძელებს”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge