მამა პეტრე: თუ ერთი სასულიერო პირი დაინფიცირდა, ამის გამო ეკლესიის გამოკეტვა არასწორი იქნება, ეკლესია სულის სამკურნალო ადგილია
“ღმერთს მადლობა, რომ covid 19 იკურნება, მაგრამ თუ ჩვენ ფსიქიკურად ადამიანებს შევარყევთ იმის შიშით, ეკლესიაში თუ ილოცე, აუცილებლად რაღაც უბედურება აგეკიდებაო, ამით შეიძლება, მათი ფსიქიკა საბოლოოდ შევარყიოთ”, – ამის შესახებ მამა პეტრე კოლხმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მამა პეტრე აცხადებს, ერთი სასულიერო პირის დაინფიცირების გამო ეკლესიის გამოკეტვა არასწორი იქნება.
„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ არ უნდა გვყავდეს ინფიცირებული ეკლესიაში, მინდა გულწრფელად ვთქვა, ამ ბოლო დროს რასაც ვაკვირდები, ეკლესიაში ზედმიწევნით კარგად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. ორ-მეტრიანი დისტანციაც არ ირღვევა. ისე კარგად, სწორად, აუღელვებლად და მშვიდად ჩატარდა ისეთი საეკლესიო მსახურება, როგორიც შვიდგზის ზეთისცხებაა, რომ არცერთ გართულებულ ფაქტს არ ჰქონია ადგილი. ამის ფონზე მე შემიძლია ვივარაუდო, თუ ასე მშვიდად ჩატარდებოდა სადღესასწაულო მსახურებები, ბუნებრივია, საფრთხე ნაკლებად იქნებოდა. თუმცა, აქვე ვაფიქსირებ იმ პოზიციასაც, რომ დაცული და დაზღვეული არავინ ვართ.
კიდევ გიმეორებთ, თუ ერთი სასულიერო პირი დაინფიცირდა, ამის გამო ეკლესიის გამოკეტვა არასწორი იქნება. რამდენი დაინფიცირებული ექიმი გვყავს უკვე, ამის გამო რომ მოვითხოვოთ, საავადმყოფოები უნდა გამოიკეტოსო, ეს იგივეა, რომ ჩვენ ადამიანებს ხელი შევუშალოთ გამოჯანმრთელებაში.
ბუნებრივია, იგივე შეიძლება, ითქვას ეკლესიაზეც. ეკლესია სულის სამკურნალო ადგილია. მით უმეტეს, ამ ბოლო დროს, ამ ერთთვიანი კარანტინის შედეგად საზოგადოებას ძალიან უჭირის სახლში გამოკეტვა, ძალიან ბევრი პრობლემაა სულიერად, რომელსაც მარტო მედიკამენტი ვერ უშველის. მე არ ვამბობ, რომ მედიკამენტი არ უნდა მიიღო, მაგრამ ვამბობ, რომ მედიკამენტთან ერთად სულიერი მოძღვრების დახმარება, მხარში დგომა, აღსარება, წირვა-ლოცვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, უფრო მძიმე შედეგები მივიღოთ, რომლებიც მკურნალობას არ დაექვემდებარება. ღმერთს მადლობა, რომ covid 19 იკურნება, მაგრამ თუ ჩვენ ფსიქიკურად ადამიანებს შევარყევთ იმის შიშით, რომ, არიქა, თუ ეკლესიაში ილოცე, აუცილებლად რაღაც უბედურება აგეკიდებაო, ამით შეიძლება, მათი ფსიქიკა საბოლოოდ შევარყიოთ“, – განაცხდა მამა პეტრემ.
თამუნა შეყილაძე