ჩინეთის საგარეო უწყება: WHO-ს დაფინანსების შეჩერება ორგანიზაციის შესაძლებლობას შეასუსტებს, რაც ყველა ქვეყანაზე აისახება, მათ შორის, აშშ-ზე
აშშ-ის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერების შესახებ ორგანიზაციის შესაძლებლობებს შეასუსტებს, რაც ყველა ქვეყანაზე აისახება, მათ შორის, შეერთებულ შტატებზე.
ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
“შეშფოთებას გამოვთქვამთ აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში კრიზისების მოგვარებაში შეუცვლელ როლს ასრულებს. კორონავირუსის აფეთქების შემდეგ, ორგანიზაცია საკუთარ ვალდებულებებს ეფექტურად ასრულებდა და საერთაშორისო საზოგადოების ქმედების კოორდინაციაში ცენტრალურ როლს ასრულებდა. ამჟამად, ეპიდემიასთან ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზეა, აშშ-ის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაძლებლობას შეასუსტებს, რაც ყველა ქვეყანაზე აისახება, მათ შორის, აშშ-ზე, მაგრამ განსაკუთრებით, ჯანდაცვის სუსტი სისტემის მქონე ქვეყნებზე”, – აღნიშნა დიპლომატმა.
მისი თქმით, ჩინეთი ორგანიზაციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საკუთარი ვალდებულებების შესრულებას გააგრძელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა WHO-ს დაფინანსება დროებით შეაჩერა.