ზურაბ ქადაგიძე: სახელმწიფო მომზადებული შეხვდა პანდემიას და პრევენციის სახით გატარებული ღონისძიებები დროული აღმოჩნდა
„ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი“, ზურაბ ქადაგიძე ააიპ „ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობა-1921-ისა” და ააიპ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ერთობლივ ანალიზს – „კორონავირუსის გავრცელების ანატომია და საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ანალიზი“ წარმოადგენს.
ქადაგიძე ზემოხსენებულ ანგარიშში ორ პერიოდს გამოყოფს.
„პირველი: 21 იანვრიდან (ჩინეთის განცხადება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის) 26 თებერვლის ჩათვლით (საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა), როდესაც პირველივე დღიდან „დაავადების ეროვნული ცენტრი“ და ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს სისტემის სრულ მობილიზაციას. საქართველოს მთავრობა, პრემიერის ხელმძღვანელობით, ოპერატიულად ქმნის საკოორდინაციო უწყებათაშორის საბჭოს.
მეორე: 26 თებერვლიდან 23 მარტამდე, როდესაც საქართველოში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პირობებში მარნეული-ბოლნისის რეგიონში ეწყობა მკაცრი საკარანტინე ზონა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განსაკუთრებით თავდაცვის ძალების ოპერატიული ჩართულობით, როდესაც უმტკივნეულოდ მოხერხდა რეგიონის ლოკალიზება.
რამდენად სწორი და დროული იყო მთავრობის საქმიანობა, ხომ არ დაგვიანდა ნაბიჯების გადადგმა და რამდენად ოპერატიულად იღებდნენ გადაწყვეტილებას? შემოთავაზებულია მშრალი ფაქტები, რომელიც ნათლად მიუთითებს, რომ სახელმწიფო მომზადებული შეხვდა პანდემიას და პრევენციის სახით გატარებული ღონისძიებები დროული აღმოჩნდა“, – აცხადებს ქადაგიძე.