თბილისის საკრებულოს კამპანიის ფარგლებში, კიდევ 400-მდე სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას მიიღებს

დღეს, თბილისის საკრებულოს დახმარების კამპანიის ფარგლებში, რომლითაც სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახებს საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს გადასცემენ, მორიგი აქცია გაიმართა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის, ასევე, ქართული კომპანიების შპს „ფეიდალ ჯორჯიას“ და ამხანაგობა „32ა“-ს დახმარებით, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს კიდევ 400-მდე ოჯახს გადასცემენ. ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, დურსუნ ჰასანოვი ესწრებოდა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციასა და ქართულ კომპანიებს დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ კამპანიის ფარგლებში უკვე ასეულობით ოჯახის დახმარება მოხერხდა. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ კერძო სექტორი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობას.

„თბილისის საკრებულო აგრძელებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. დღეს, აზერბაიჯანის მთავრობის, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს და საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაციის დახმარებით, ჩვენ გვაქვს საშუალება დამატებით დაახლოებით 400 ოჯახს დავურიგოთ პროდუქტები. მე მინდა, თითოეულ კომპანიას, რომელიც ამ პროცესში ჩართულია, მადლობა გადავუხადო და ყველას მოვუწოდებ, აღნიშნულ აქციაში ჩაერთონ. ეს კამპანია მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანის განცხადებით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქეებმა მხარდაჭერა და გვერდში დგომა იგრძნონ. მან კერძო სექტორს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საკრებულოს კამპანიის ფარგლებში, დღეს აზერბაიჯანის საელჩომ, კომპანიებმა „ფეიდალ ჯორჯიამ“ და „32ა-მ“ შემოგვწირეს 400-მდე, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქცია. ეს ნობათი მაჟორიტარი დეპუტატების დახმარებით, თბილისის ყველა რაიონში განაწილდება და ამით მცირედით მაინც შევეწევით შეჭირვებულ ოჯახებს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები თბილისის სხვადასხვა რაიონში დახმარებას სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით დაარიგებენ. სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია 29 მარტს დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები