ირაკლი კოვზანაძე: კრიზისს საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება

„საფინანსო სექტორი კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეულ კრიზისს მზად შეხვდა, ბანკებს აქვთ კაპიტალის ბუფერები, ლიკვიდობის კოეფიციენტები ნორმალურ მდგომარეობაშია, ტარდება სტრესტესტები. საჭიროების შემთხვევაში, არსებული კაპიტალის ბუფერები შთანთქავს გარკვეულ რისკებს, მაგრამ არის რამდენიმე გამოწვევა, რასაც ეროვნული ბანკი მუდმივად აკონტროლებს”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ „საქმიან დილაში” ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტი კომერციული ბანკებში არსებული ანგარიშებიდან (850 მილიონ ლარამდე) თანხების ეროვნულ ბანკში მთავრობის ანგარიშზე მობილიზებას ახდენს. ეროვნული ბანკი, ასევე, კომერციულ ბანკებს დამატებით „სვოპ”ოპერაციებითაც უზრუნველყოფს, რაც ლიკვიდობისთვის არის გამიზნული.

„როგორც იცით, ბანკებმა სამ თვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზეს მსესხებლებს, რაც თავისთავად შემოსავლების კლებას გამოიწვევს, ამიტომაც აუცილებელია, კომერციულ ბანკებს ლიკვიდობა ჰქონდეთ შესაბამის დონეზე. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საფინანსო სექტორი ინსტიტუციონალურად მზად არის, კრიზისს გაუმკლავდეს. სხვადასხვა ინსტრუმენტთან ერთად, ჩვენ გვაქვს რეზოლუციის კანონი, რომელიც არის გარკვეული ალგორითმი, თუ რომელიმე ბანკს შეექმნება პრობლემა როგორ უნდა ვიმუშაოთ”, -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და არ გამორიცხა, რომ კომერციულ ბანკებს პრობლემური აქტივები გაეზარდოთ, მაგრამ არა –  მნიშვნელოვნად, ვინაიდან საბანკო რეგულაციების შედეგად დღეისათვის პრობლემური აქტივების დონე დაბალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები