ფრიდონ ფუტკარაძემ სამსახურის უფროსებთან ონლაინთათბირი გამართა

შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ სამსახურის უფროსებთან ონლაინთათბირი გამართა, სადაც კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს კრიზისული ბიუჯეტის პარამეტრებზე.

მერის განცხადებით, იმ რესურსებს, რომლებიც დღეს არის მობილიზებული ბიუჯეტში, მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენება.

“მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ლიმიტები მაქსიმალურად შემცირდა მინიმუმამდე. შედეგად, საწვავი ლიმიტი შეუმცირდათ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, მერიის სამსახურის უფროსებს, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში. დარჩენილი რესურსი როგორც მატერიალური, ასევე სატრანსპორტო და ადამიანური მთლიანად მოხმარდება კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თათბირზე აღინიშნა, რომ შეუფერხებლად მიმდინარეობს ყველა სამსახურის სამუშაო პროცესი და საჯარო მოხელეები ჩართული არიან ასევე კორონავირუსის ბრძოლის პრევენციულ ღონისძიებებში. რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც შემდეგშიც გაგრძელდება. კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებს კონტროლს ზედამხედველობის სამსახური უწევს.

ფრიდონ ფუტკარაძემ მერიაში ცხელი ხაზის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ცხელი ხაზის საშუალებით არაერთ მოქალაქეს გაეწია დახმარება.

შუახევის მერიის ინფორმაციით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მერიაში 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი – 08 000 000 08; ნებისმიერი კითხვის, ინფორმაციის დაზუსტების ან საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ ასევე მერის მოადგილეებს 577 20 22 54; 593 33 06 67.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები