აზერბაიჯანის საელჩომ და კომპანია “სოკარის” წარმომადგენლობამ რუსთავს 100 ყუთი სასურსათო პაკეტი გადასცეს
აზერბაიჯანის საელჩოს, კომპანია „სოკარისა” და საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, დღეს რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადაეცათ.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის მერიიდან აცნობეს
მათი ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთი რუსთავში აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში, დურსუნ გასანოვმა და კომპანია „სოკარის” პრეზიდენტმა საქართველში, მახირ მამედოვიმა ჩამოიტანეს. საელჩოსა და „სოკარის” წარმომადგენლებს, რუსთავის მერიასთან, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დახვდნენ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს რეგიონში კოვიდ19-ის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის.
“ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ამ ჰუმანიტარულ კამპანიაში, რომელსაც ყოველდღიურად ვაწარმოებთ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს. დღეს აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ბატონმა დურსუნ გასანოვმა და კომპანია “სოკარის” პრეზიდენტმა მახირ მამედოვმა, რუსთაველებისთვის განკუთვნილი სასურსათო პაკეტები პირადად ჩამოგვიტანეს, ეს არის საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბიზნესმენების შემოწირულობა. დიდ მადლობას ვუხდი მათ ამ თანადგომისთვის. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ ამ ბრძოლაში და მხოლოდ ერთმანეთის დახმარებით და ერთად დგომით დავამარცხებთ ამ გამოწვევას“, – განაცხადა რუსთავის მერმა.
გუშინ აზერბაიჯანის მხრიდან დახმარება მარნეულის მუნიციპალიტეტმა მიიღო. დღესვე, ანალოგიური ჰუმანიტარული ტვირთი რუსთავთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც ჩაიტანეს.