ტიტე აროშიძე: ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს, მარაგი საკმარისია
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე წისქვილკომბინატში – “ნიკა-ემ” იმყოფებოდა და არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.
როგორც აროშიძემ განაცხადა, ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს, მარაგიც საკმარისია.
“პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წისქვილკომბინატებს საშუალება ეძლევათ მეტი მარაგი შექმნან და ფქვილზე სტაბილური ფასი შეინარჩუნონ“, – აღნიშნა ტიტე აროშიძემ.
მინისტრის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ყველა მსხვილ წისქვილკომბინატში ფქვილის წარმოებისა და ფასის მონიტორინგი.
როგორც შპს „ნიკა-ემ“-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, არსებული მარაგები და საწარმოს სიმძლავრე კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის მიწოდება შეუფერხებლად განახორციელოს.
წისქვილკომბინატის წარმადობა დღეში 100 ტონას შეადგენს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, აჭარის მასშტაბით ხორციელდება. საწარმოში ერთდროულად 3000 ტონა ხორბლის შენახვაა შესაძლებელი. კომპანიაში 25 ადამიანია დასაქმებული.