ბრიტანელი ევროპარლამენტარი: ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესი კარგად მიმდინარეობს

“ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო – შავი ზღვის სახელმწიფო, რომელზეც ბრიტანეთმა თავისი ფსონი უნდა დადოს”, – ამის შესახებ ბრიტანელი

ევროპარლამენტარი და ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, ჯეფრი ვან ორდენი წერს.

ევროპარლამენტარის აზრით, ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. მისი თქმით, საქართველოს პროდასავლურმა მთავრობამ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების პრაქტიკაში გატარება თავის ყველაზე პრიორიტეტულ მიზნად აქცია და ამ მიზანს მხარს უჭერს არა მხოლოდ მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“, არამედ – საქართველოს მოსახლეობის 80%.

„ერთი შეხედვით, არარეალურად გამოიყურება დასავლეთის ყველაზე დიდ სამხედრო ალიანსში იმ პატარა ქვეყნის გაწევრიანება, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ უკანონოდაა ოკუპირებული და მაინც, შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს“, – წერს ვან ორდენი.
მისი თქმით, თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროს ნატო-ს ხელმძღვანელობით წარმოებულ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობა წარმოადგენს.
„იმ დროს, როდესაც ევროპელ მოკავშირეთა უმეტესობა სულ უფრო მცირე თანხებს ხარჯავს თავდაცვაზე, საქართველოს, ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებს შორის, ავღანეთში ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს გაგზავნილი“, – ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ნატო-სთან თანამშრომლობა მრავალმხრივი განზომილებაა და საქართველო ამ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში აღრმავებს, თავდაცვა და უსაფრთხოება კი ის მნიშვნელოვანი სექტორია, სადაც ნატო-სა და მის მოკავშირეებს განსაკუთრებული გამოცდილება აქვთ. სწორედ ამიტომ, ნიშანდობლივია, რომ ახლახან საქართველო ნატო-ს კიბერუსაფრთხოების პლატფორმას მიუერთდა.

„ეს შემთხვევითი არაა, რადგან რუსეთის მხრიდან საქართველო არა მარტო ტერიტორიული თავდასხმების, არამედ, ასევე, კიბერშეტევების მოგერიების ფრონტის ხაზზეა“, – წერს ვან ორდენი.

ევროპარლამენტარის აზრით, „მსოფლიოს ამ ცვალებად რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი წინაპირობა დინამიკურად მზარდი ეკონომიკაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სტაბილური დემოკრატიაა“.

ამ კუთხით, ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად 4.5 პროცენტით იზრდება, ხოლო მსოფლიო ბანკის რეიტინგებით, საქართველო მეშვიდე ყველაზე საუკეთესო ადგილია ბიზნესის კეთების კუთხით. ჰერითიჯ ფაუნდეიშენის ეკონომიკური თავისუფლების გლობალური ინდექსით კი, საქართველოს მე-12 პოზიციაზეა და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება გაერთიანებულ სამეფოს. რაც შეეხება დემოკრატიულ რეფორმებს, როდენი მიესალმება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ახალი საარჩევნო სისტემის დამტკიცებას, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს პროდასავლური იმიჯი.

„საქართველო ბრიტანეთის მეგობარი ქვეყანაა, რომელმაც “ბრექსიტის” შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა გადადგა ნაბიჯი ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორობის დასამყარებლად. ამ ნაბიჯზე კი ჩვენი პასუხი საქართველოსთან და მის მეზობლებთან ურთიერთობების გაძლიერება უნდა იყოს“, – წერს ვან როდენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები