დავით ბაქრაძე: აშშ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი მომავლისთვის გარე საფრთხეების შეკავებაში

„აშშ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი მომავლისთვის გარე საფრთხეების შეკავებაში საქართველოსთვის დახმარების გაწევის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კიბერშეტევებს”, – ამის შესახებ საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე real clear world-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს.
​ის 2019 წლის 28 ოქტომბერს იხსენებს, როდესაც საქართველო კიბერშეტევის სამიზნე გახდა, რომლის შედეგად გაითიშა ათასობით ვებგვერდი, მათ შორის, მედიასაშუალებების, სამთავრობო უწყებებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამსახურების ვებგვერდები.
„აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს დახმარებით ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ შეტევის უკან იდგა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი უწყება. რუსეთის მხრიდან ამ ტიპის თავდასხმები არ არის უცხო არც საქართველოსთვის და არც ჩვენი მეზობლებისთვის. უფრო ადრე, 2008 წელს, ჩვენ გავხდით კიბერშეტევის სამიზნე, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, დაიკავა და დღემდე ახორციელებს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას“, – აღნიშნავს დავით ბაქრაძე.
​მისი თქმით, ამ ტიპის მოქმედებას რუსეთი მიმართავს იმიტომ, რომ დღემდე ამაზე პასუხი ნაკლებად მოეთხოვებოდა.
„საბედნიეროდ, სიტუაცია იცვლება დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შედეგად. სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა ცვლილებები სიტუაციაში და დაგმო შეტევა საქართველოზე: „ეს მოქმედება წინააღმდეგობაშია რუსეთის პრეტენზიებთან კიბერსივრცეში პასუხისმგებელი მოქმედი პირის სტატუსზე და ცხადყოფს რიგი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის [სამხედრო დაზვერვის] მხრიდან თავხედური კიბეროპერაციების თანმიმდევრულ ხასიათს. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების გაღვივება, დაუცველობის შეგრძნების შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტების საფრთხეში ჩაგდება“, – ნათქვამია დავით ბაქრაძის წერილში.

წყარო: https://www.realclearworld.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები