ამირან გამყრელიძე: ახალმა პირბადეებმა შემოწმება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიარა

საქართველოში წარმოებულმა ახალმა პირბადეებმა შემოწმება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიარა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში წარმოებულ პირბადეებთან დაკავშირებით, რეკომენდაციები სწორედ რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაიცა.

„საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია, მრავალჯერადი მოხმარებისთვისაც, შეიძლება გარეცხვა ცხელ წყალში, დაუთოება. თუ მას სამედიცინო მიზნით გამოიყენებ, მაშინ ერთჯერადად უნდა მოვიხმაროთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კი იმ ადამიანებს, ვინც ახალ პირბადეებს აკრიტიკებს, ამერიკის „სიდისის“ რეკომენდაციების წაკითხვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველოში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა და ერთჯერადი გამოყენების პირბადეები არც კი არსებობდა, მედიკოსები სწორედ რომ დოლბანდის პირბადეებით სარგებლობდნენ.

მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტრომ, სხვა საჯარო უწყებებთან კოოპერაციის საფუძველზე, სამკერვალო საწარმოების იმპორტული დოლბანდის ნედლეულით უწყვეტი მიწოდება უზრუნველყო, რომლებმაც პირბადეების დამზადების პროექტში მონაწილეობა უსასყიდლოდ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები