დავით ნარმანია: კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მხრიდან გადახდაზე უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა უარი
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მიერ დაფარვაზე უარი უკვე 1 000-მდე მოქალაქემ თქვა. ამის შესახებ ნარმანიამ „პირველ არხთან“ განაცხადა.
„პლატფორმა რეალურად გუშინ ამოქმედდა.
გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან, შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია პლატფორმის ამუშავებასთან დაკავშირებით. საკმაოდ მაღალია მომართვიანობა. უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა უარი კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მხრიდან გადახდაზე, გამოიჩინეს მათ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა, გადაწყვიტეს, რომ, ვინაიდან მათ ეს არ სჭირდებათ, სახელმწიფო მხარდაჭერაზე თქვან უარი. შესაბამისად, ეს თანხა დაიზოგება ბიუჯეტიდან და თვითონ მოქალაქეები გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს.
პლატფორმა არის ძალიან მარტივი და მისი შემუშავება გამოიწვია იმან, რომ ჩვენთან იყო მომართვიანობა ცალკეული სოციალურად პასუხისმგებლიანი მოქალაქეების მხრიდან, მათ სურდათ, თვითონ გადაეხადათ ეს გადასახადი და დაზოგილიყო საბიუჯეტო სახსრები, მთავრობას ეს სახსრები ამ შეჭირვებულ პერიოდში სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებების დასაფინანსებლად მიემართა. სწორედ ამიტომაც ჩვენ, ჩვენი აიტი დეპარტამენტის მეშვეობით, ძალიან სწრაფად გავაკეთეთ ეს პლატფორმა“ , – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში სრულად უფინანსდება.
სუბსიდიაზე უარის თქმის ელექტრონული პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომია მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.gnerc.org.