მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია.
მისივე თქმით, დაინფიცირების წყარო შემოტანილ შემთხვევებს უკავშირდება.
“დღეს არის 214 დადასტურებული შემთხვევა. 6 შემთხვევიდან სამი არის ქუთაისში გადაყვანილი და სამი – თბილისში. როგორც ვიცი, არცერთი არის შიდა გავრცელება, ყველა არის შემოტანილი შემთხვევა. ანუ წყარო ცნობილია, ეს ნიშნავს იმას რომ, არ არის მეორეული, მესამეული, მეოთხეული გადაცემა.
გამოჯანმრთელებულია 50 ადამიანი. მიმდინარეობს პაციენტებზე მონიტორინგი.
ამ ეტაპზე, ჩვენს კლინიკაში 33 პაციენტია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მძიმე პნევმონიით 7 პაციენტი გვყავს. მათგან ორი არის უფრო მძიმე, ამათთან, მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა. იმედი გვაქვს, რომ მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდება. დანარჩენი 5 პაციენტი, ჯერჯერობით, როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა, ასე ფასდება.
ამ ეტაპზე, მოზარდები არ გვყავს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.