“იმ თანხით, რაც კომუნალურებში უნდა გადამეხადა, წამალს ვიყიდი“, – ახალციხელები მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებენ (ვიდეო)
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრემიერმინისტრის მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მოსახლეობა 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ³-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირზე გადასახადს არ გადაიხდის, დადებითად აფასებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სამი თვის განმავლობაში დაზოგილი თანხას მედიკამენტებსა და სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის გამოიყენებენ.
“მივესალმებით გახარიას გადაწყვეტილებას. ამ კორონამ სულ დაამძიმა ჩვენი მდგომარეობა და ნამდვილად დიდი შეღავათია კომუნალურების განულება. სამი თვე პატარა დრო არ არის. სოფელში საჭმელი ხომ გვინდა, კიტრი დავთესოთ, კარტოფილი მოვიყვანოთ, ამიტომ, ამ თანხებს სწორედ სოფლის მეურნეობისთვის გამოვიყენებთ“, – უყვებიან „რეგიონულ კვირას“ სოფელ წყრუთის მაცხოვრებლები.
შეგახსენებთ, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით – თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში: მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.