კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,რუსთავში კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკი დაიკეტა
რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი დაიკეტა.
როგორც რუსთავის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილი განმარტავს, პარკი დამსვენებლებს, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დასტაბილირებამდე ვერ მიიღებს.
“კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს არიან მიჩვეულნი და სურთ, რომ გარეთ გამოვიდნენ და ფიზიკურად იაქტიურონ, მაგრამ დღეს შექმნილ სიტუაციაში, ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და დავრჩეთ სახლში. შესაბამისად, ამ მხრივ ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია, სწორედ ისეთი თავშეყრის ადგილები, როგორიც პარკია. ამიტომ პრევენციის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება და სიტუაციის დასტაბილურებამდე, რუსთავის ცენტრალური პარკი დაკეტილი იქნება“,-განაცხადა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.
რუსთავის მერია კიდე ერთხელ მოუწოდებს რუსთაველებს, რომ შეასრულონ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია და განსაკუთებული საჭიროების გარდა, ნუ დატოვებენ საკუთარ სახლებს.
ქალაქში, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა, დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი. რუსთავში ამ დროისთვის ორი საკარანტინე სივრცეა მოწყობილი, თვითიზოლაციაშია 65 ადამიანი, 60 კი უკვე მოხსნილია თვითიზოლაციის რეჟიმიდან.
საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 18 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.