ბორჯომში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტებს ადგილზე მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ყიფიანი გაეცნენ.
სოფელ ლიკანში სანიაღვრე არხის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელ ლარებში კი ხიდს რეაბილიტაცია უტარდება.
დავით ზაალიშვილის თქმით, ლიკანში ნალექის დროს, წყლის ნიაღვარი მოსახლეობის ეზოებში შედიოდა და იტბორებოდა, წყალი მიწის გარკვეული მონაკვეთების ჩამოშლასაც იწვევდა. სამუშაოების შედეგად, წყლის ნაკადი უკვე არხში მოექცევა, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო კი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. სოფელ ლარებში კი განახლებული ხიდი ადგილობრივების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.