ამ დრომდე რაიმე დადასტურებული ფაქტი კორონავირუსის დიაგნოზთან დაკავშირებით არ ყოფილა. გუშინ საღამოდან დღემდე საველე ჰოსპიტალში კიდევ 8 ადამიანი მოთავსდა,- ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულის შესასვლელთან მოწყობილ ბლოკ-პოსტთან განუცხადა.
“ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან, კორონავირუსის დიაგნოზთან დაკავშირებით რაიმე დადასტურებული ფაქტი არ ყოფილა. მობილურ ჯგუფებთან ერთად ტემპერატურულ სკრინინგზე მონიტორნიგს ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ. იმ 10 პაციენტს, რომელიც საველე ჰოსპიტალშია მოთავსებული, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. გუშინდელი საღამოდან დღემდე საველე ჰოსპიტალში 8 ადამიანია კიდევ მოთავსებული, რომელთა ანალიზის პასუხებსაც ლუგარის ლაბორატორიიდან დღის განმავლობაში ველოდებით” , -განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4534 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 276 პირი რჩება.