ნანა ოდიშარია: სოფელ ზედა ეწერიდან, საეჭვო სიმპტომებით, 67 წლის მამაკაცი შემოიყვანეს
“ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ, გვიან ღამით სოფელ ზედა ეწერიდან 67 წლის მამაკაცი შემოიყვანეს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და საეჭვო სიმპტომები აღენიშნება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ განუცხადა.
ოდიშარიას ინფორმაციით, მამაკაცის ბიოლოგიური მასალა უკვე გადაგზავნილია ლუგარის ქუთაისის ბიუროს ლაბორატორიაში.
“მამაკაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნება, წუხელ იქნა გადმოყვანილი ჩვენს ინფექციურ კლინიკაში. აღებულია ბიოლოგიური მასალა და შემდეგი კვლევისათვის გადაგზავნილია ლუგარის ქუთაისის ბიუროს ლაბორატორიაში”, – განაცხადა ოდიშარიამ.
მისივე ინფორმაციით, მამაკაცს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის საქართველოში 20 მარტს დაბრუნდა, ხოლო კლინიკას მას შემდეგ მიმართა, რაც ტემპერატურამ აუწია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელებულია 10, კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანია.