საქართველოს ეკლესიის სამრევლოები უცხოეთში ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებენ
“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში, რომელიც ევროპის ექვს ქვეყანას: იტალიას, საფრანგეთს, შვეიცარიას, ესპანეთს, პორტუგალიასა და მალტას მოიცავს და 57 სამრევლოს აერთიანებს, ლიტურგია და სხვა ლიტურგიული მსახურებები მღვდელმსახურების მიერ საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) მონაწილეობის გარეშე ჩატარდება”, – ამის შესახებ დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ეპარქიაში შემავალი სამრევლოს წევრებს შეეძლებათ, თვალი ადევნონ ლიტურგიასა და სხვა მსახურებებს სამრევლოების „ფეისბუქის“ გვერდებზე. არსებული შეზღუდვების მიუხედავად, დასავლეთ ევროპის ეპარქიამ მორწმუნეებს აცნობა, რომ სამრევლოს ტაძრები შაბათ-კვირასა და სადღესასწაულო დღეებში ღია იქნება ინდივიდური ლოცვისთვის და მრევლს ტაძრების მოლოცვის საშუალება მიეცემა.
„ეპარქიის სამღვდელოების სახელით მოვუწოდებთ სამრევლოების წევრებს, როგორც სასულიერო პირები, ასევე, მორწმუნე ერისკაცები ვალდებულები ვართ, დავიცვათ ადგილობრივი ხელისუფლებების დადგენილებები. ქვეყნების მთავრობების მიღებული საგანგებო ზომები ჩვენი და ჩვენ გარშემო მყოფთა ჯანმრთელობის დაცვისკენაა მიმართული. სიცოცხლე და ჯანმრთელობა ღვთის საჩუქარია და ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ იგი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.