ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ონის მერიაში შეხვედრა გაიმართა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის, ემზარ საბანაძის ხელმძღვანელობით, ახალი კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებზე მომუშავე კოორდინაციის სამუშაო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ჯგუფის სამუშაო გეგმებზე ისაუბრა.

მერის განცხადებით, კონტროლზე იქნება აყვანილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესული თითოეული მოქალაქე, რათა შესაბამის სამსახურებს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული და მოსალოდნელი ვითარების შესახებ, შედეგად მოხდება რისკების დროული განსაზღვრა და ეფექტური მოქმედება.

ონის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში იზღუდება აგრარული ბაზრის ფუნქციონირების გარკვეული ნაწილი, კერძოდ, დროებით შეწყდება ტანსაცმლით ვაჭრობა, ხოლო სასურსათო სავაჭრო დახლები განლაგდება მხოლოდ ღია სივრცეში, მაქსიმალურად მოხდება ხალხის ნაკადის გაკონტროლება და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე. მერის დავალებით, სამუშაო ჯგუფის თითოეულმა წევრმა მათ სამოქმედო სფეროში მოქალაქეებზე მაქსიმალური გავლენა უნდა იქონიონ, რათა მოხდეს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დადგენილი წესების გათვალისწინება.

“უპირველეს ყოვლისა, გაკონტროლებული იქნება შეკრებებისა და თავყრილობების მაქსიმალური შეზღუდვა.
ურთიერთპატივისცემით, თანამშრომლობით, რეკომენდაციის წესების გათვალისწინებით და, რაც მთავარია, სახლში დარჩენით, შესაძლებელი იქნება ვირუსის გავრცელების დროული და ეფექტური პრევენცია”, – აღნიშნა ემზარ საბანაძემ.

საგანგებო მდგომარების პერიოდში დადგენილ წესებსა და მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მოსახლეობას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები