დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ზიარების გაცემის წესი უნდა შეიცვალოს, მაქსიმალურად სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა მიიჩნევს, რომ ზიარების წესი უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ დეკანოზმა „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.

“პირადად ჩემი აზრია, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, არ არის თამაშის დრო, არც რაღაც გმირობის დამტკიცების დროა სხვისი სიცოცხლის გარისკვის ფასად. ვფიქრობ, რომ, რასაკვირველია, წესი უნდა შეიცვალოს ზიარების გაცემის. მაცხოვარი ამბობს ასეთ რამეს: ადამიანისთვის არის შექმნილი შაბათი და არა ადამიანი შაბათისთვის, ანუ წესი არის შექმნილია ადამიანისთვის და არა ადამიანი – წესისთვის. ამ შემთხვევაში, როცა ზიარებაზე ვლაპარაკობთ, წესი არის გაცემა, შინაარსი არის ზიარება. ზიარების მადლმოსილებას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ გაცემის წესი საუკუნეების განმავლობაში მართლაც იცვლებოდა და სრულიად განსხვავებული გვაქვს დღეს.

ბოლოსდაბოლოს, წმინდა წირვა, რომელსაც აღვასრულებთ ყოველდრიურად, სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც აღასრულა მაცხოვრამა საიდუმლო სერობისას”, – განაცხადა დეკანოზმა.

ეკლესია არ აპირებს, ერთი კოვზით ზიარების წესი შეცვალოს. რამდენიმე დღის წინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა.

„რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხვალ სინოდის სხდომა გაიმართება.

„მღვდელმთავრები იმსჯელებენ ვირუსთან დაკავშირებულ გარემოებებზე“, – განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები