“ქვეყანაში ადგილობრივი საკონსერვო პროდუქციის მარაგები საკმარისია და, გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, დეფიციტი არ შეიქმნება”
ქვეყანაში ადგილობრივი საკონსერვო პროდუქციის მარაგები საკმარისია და, გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, დეფიციტი არ შეიქმნება.
უწყების ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელ სამი მსხვილი კომპანიის „კულა“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და „კასპის საკონსერვო ქარხანა“ ხელმძღვანელებს შეხვდა.
„სამომხმარებლო ბაზარზე საკონსერვო პროდუქციის ძირითადი ნაწილი ქართული წარმოებისაა. კომპანიის ხელმძღვანლებთან შეხვედრაზე მარაგების საკითხი განვიხილეთ. ამ მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. კომპანიის ხელმძღვანლებმა აღნიშნეს, რომ ერთი წლის მარაგები აქვთ და გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაშიც დეფიციტი არ შეიქმნება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, როდესაც საუბარია სურსათის უზრუნველყოფის საკითხებზე, განსაკუთრებულ მექანიზმებსა და ფასების სტაბილიზაციაზე, საქმე ეხება ბურღულეული პროდუქციის, ხორბლის ფქვილისა და ზეთის მხარდაჭერაზე, სხვა შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო შესყიდვებს, ისე საცალო ქსელს ადგილობრივი წარმოება მთლიანად ამარაგებს.
აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, სამინისტროში გამართული შეხვედრების მასშტაბები მცირდება. მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს ეტაპობრივად, მცირე შემადგენლობით შეხვდება.