ნათია თურნავა: მოკლევადიანი შეფერხებები შეიძლება, შეიქმნას ბურღულეულის რამდენიმე სახეობაზე, მაგრამ მარაგი გზაშია

“გარკვეული მოკლევადიანი შეფერხებები შეიძლება, შეიქმნას ბურღულეულის რამდენიმე სახეობაზე, მაგრამ არა იმიტომ, რომ მარაგთან დაკავშირებით რაიმე საფრთხის ქვეშ ვართ, არამედ იმიტომ, რომ, გარკვეული კლიმატური პირობების გაუარესების გამო, ლარსი დროებით გადაკეტილია”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ  განაცხადა.

მიუხედავად ამისა, მინისტრის თქმით, საკმარისი მარაგი გზაშია.

„ჩვენ მივიღეთ დავალება, რომ განვავითაროთ საკუთარი წარმოება, განსაკუთრებით, იმპორტის შემცვლელი წარმოება. აქამდეც სახელმწიფო, ეკონომიკური გუნდი ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დღეს აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ დარგებსა და მათ განვითარებაზე, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა არის, რათა ნაკლებად ვიყოთ იმპორტზე დამოკიდებული. ამ დარგებისა და პროექტების ჩამონათვალს უახლოეს დღეებში წარვუდგენთ პრემიერმინისტრს, საკოორდინაციო საბჭოს. ასევე, მივიღეთ მე და ჩემმა კოლეგა ლევან დავითაშვილმა დავალება, პროგრამა „აწარმოე საქართველოში” გადავაწყოთ იმდაგვარად, რომ ადგილობრივ წარმოებებს შევუწყოთ ხელი და შეძლონ მათ კვების დეფიციტური პროდუქტების თუ სხვა პროდუქტების წარმოება. დღეს არის, უბრალოდ, საუბარი აჟიოტაჟურ მოთხოვნაზე, ამას საფუძველი არ გააჩნია, რადგან მარაგები ადგილზე საკმარისი. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული მოკლევადიანი შეფერხებები შეიძლება, შეიქმნას ბურღულეულის რამდენიმე სახეობაზე, მაგრამ არა იმიტომ, რომ მარაგთან დაკავშირებით რაიმე საფრთხის ქვეშ ვართ, არამედ იმიტომ, რომ გარკვეული კლიმატური პირობების გაუარესების გამო ლარსი დროებით არის გადაკეტილი და სატვირთო მანქანების მოძრაობა შეფერხებულია. მაგრამ საკმარისი მარაგი არის გზაში და ეს არის რამდენიმე დღის საკითხი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები