იმნაძე: ბავშვებს ვირუსი მსუბუქად გადააქვთ, მაგრამ შეიძლება, იყვნენ გავრცელების წყარო ბაბუებისა და ბებიებისთვის
“ჯერჯერობით, ბავშვები, საბედნიეროდ, ისევ რჩებიან როგორც დაბალი რისკის მქონეები დაავადების მიმღებლობასა და, განსაკუთრებით, დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
იმნაძის თქმით, ბავშვები შეიძლება, იყვნენ ვირუსის გავრცელების წყარო ასაკოვანი ადამიანებისთვის.
„არავის უთქვამს, რომ კორონავირუსი ბავშვებს არ ეკარება. სტატისტიკაზე ლაპარაკი, როდესაც შემთხვევების რაოდენობა 40 არ არის ქვეყანაში, არასერიოზულია. როდესაც ჩინეთმა გამოაქვეყნა სტატისტიკა 75 ათას შემთხვევაზე, იქედან შეიძლება, გამოიყვანო სტატისტიკა.
ჯერჯერობით, ბავშვები საბედნიეროდ, ისევ რჩებიან, როგორც დაბალი რისკის მქონეები დაავადების მიმღებლობასა და, განსაკუთრებით, დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით. თუმცა, ბავშვები რისკს წარმოადგენენ დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით, რადგანაც მათ თვითონ მსუბუქად გადააქვთ, ამიტომ ისინი შეიძლება, იყვნენ გავრცელების წყარო ბაბუებისა და ბებიებისთვის“, – განაცხადა იმნაძემ.
თამუნა შეყილაძე