მაშველებმა შვიდი მოქალაქე თოვლიდან უვნებლად ამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მხალდიდში თოვლში ჩარჩენილი საქართველოს 7 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ, მოულოდნელად მოსული უხვი ნალექის გამო, სატრანსპორტო საშუალება, სადაც 7 ადამიანი იმყოფებოდა, თოვლში ჩარჩა და იქ მყოფი ახალგაზრდები გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდნენ. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გავიდნენ.
მათივე ცნობით, მაშველებმა ადგილზე მისვლისთანავე მოქალაქეებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიეს, მანქანა თოვლის საფარისგან გაათავისუფლეს და 7-ვე მგზავრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილით თბილისში უვნებლად გადმოიყვანეს.
მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.