ზურაბ ქადაგიძე: ჩვენმა სახელმწიფომ გამოავლინა კომპეტენციის მაღალი სტანდარტი

„კარგი იქნება, მთავრობამ გამოკვეთოს სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ჩართულობის მხრივ”, – ამის შესახებ ა/ო „ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი, ზურაბ ქადაგიძე აცხადებს.

მის თქმით, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია „კოვიდ-19″-ის კონტროლი.

„მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის გამო პანდემიაა გამოცხადებული, ჩვენმა სახელმწიფომ გამოავლინა კომპეტენციის მაღალი სტანდარტი – დაწყებული მთავრობიდან გაგრძელებული ფინანსური სექტორით, მასმედიით და დამთავრებული თითოეული პასუხისმგებლიანი მოქალაქით (გამონაკლისი აქ არის, თუმცა, საბედნიეროდ, მცირე), რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებასა და ზედმიწევნით ასრულებს რეკომენდაციებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მომზადებული შეხვდა „კოვიდ-19″ ვირუსს და მაქსიმალურად ახერხებს სიტუაციის კონტროლს. ასევე, განსაკუთრებული, უპრეცედენტო ფაქტია, ფონდი „ქართუს” შეთავაზება, რომელიც მზად არის, ნებისმიერი ფინანსური რესურსი გამოყოს არსებული კრიტიკული სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. სამწუხაროა, როდესაც გარკვეული ჯგუფები შექმნილი მდგომარეობის პირადი თუ პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ, თუმცა ეს მდგომარეობა მალე გაივლის და საზოგადოება შეაფასებს ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებებს.

P.S არსებულმა გლობალურმა გამოწვევამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მსოფლიო „ნეოლიბერალური” დამოკიდებულებები ეკონომიკური თუ პოლიტიკური კუთხით. დროა, საქართველოშიც დამთავრდეს „ფსევდოლიბერალური” მიდგომები. კარგი იქნება, მთავრობამ გამოკვეთოს სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ჩართულობის მხრივ. სწორედ სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია „კოვიდ-19″-ის კონტროლი”, – აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები