მაია ცქიტიშვილი: ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ბიზნესი კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა გამოვრიცხოთ ნებისმიერი სახის შეფერხება, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ განვიხილავთ
ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა გამოიხატება იმაში, რომ არ ავყვეთ ზედმეტ ემოციებს, არ ავყვეთ პანიკას, ძალიან კარგად გვქონდეს გააზრებული, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ბიზნესი ძალიან მჭიდროდ და კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა გამოვრიცხოთ ნებისმიერი სახის შეფერხება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პრემიერ-მინისტრისა და სასურსათო მაღაზიათა ქსელის ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მაია ცქიტიშვილის განმარტებით, რაიმე სახის პანიკური შესყიდვის, ან პანიკური ქმედებების აუცილებლობა არ დგას, ვინაიდან, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არავითარი საჭიროება არ არსებობს.
„ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ განვიხილავთ, შესაბამისად გარკვეული ტიპის პროდუქციის ჭარბი რაოდენობით შესყიდვის არანაირი საჭიროება არ არის. მთელს მსოფლიოში, არაორდინარული ვითარებაა, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, ჩვენს უკლებლივ ყველა ნაბიჯს ვთვლით წინასწარ, ვახორციელებთ ძალიან ბევრ პრევენციულ ღონისძიებას, სამთავრობო უწყებები და ჩვენი ეკონომიკის ყველა სექტორის წარმომადგენელი ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან აქტიურად მუშაობენ. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის მოლარე, კონსულტანტი, ფარმაცევტი, თუ ნებისმიერი სხვა. ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს მოსახლეობას ემსახურება, ნამდვილად საჭიროებს დაფასებას თითოეული მოქალაქის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის სექტორი გასცემს და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ პანიკას”, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.