კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით აშშ–ში ჩინეთის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პეკინში უპასუხეს
“აშშ–ში ზოგიერთი ჩინოვნიკის მხრიდან კორონავირუსის გავრცელებაზე ჩინეთისთვის დაბრალება ვაშინგტონს დაავადების დამარცხებაში არ დაეხმარება”, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენ შუანმა.
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა, რომელიც კაციობრიობის გამოწვევად იქცა. ვიმედოვნებთ, რომ ამ განსაკუთრებულ მომენტში, ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი კონცენტრირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უპასუხოს დაავადების გავრცელებას თავიანთ ქვეყანაში, და არა – პეკინის დადანაშაულებაზე. ეს უპასუხისმგებლო და უგუნური ქცევა აშშ–ში ვირუსთან დაკავშირებულ ვითარებას არ შეამსუბუქებს”, – აღნიშნა დიპლომატმა.
გენ შუანმა აღნიშნა, რომ აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო’ბრაიენმა ჩინეთი დაავადებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა, “მაგრამ მსოფლიომ იცის, ჩინეთმა ინფორმაცია ღია და ტრანსპარენტულად გაასაჯაროვა, ასევე რეკორდულ ვადებში დაადგინა პათოგენი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა ქვეყნებს, მათ შორის აშშ–ის გენომის თანმიმდევრობა გაუზიარა”.
რობერტ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ ჩინეთი, თავდაპირველად, ვირუსის აფეთქებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვას ცდილობდა, რაც მსოფლიოს ორი თვე დააკარგვინა, რა დროსაც ქვეყნები უკეთესად მოემზადებოდნენ და ეპიდემიაზე რეაგირებას მოახდენდნენ.