ჩინეთში ვირუსთან დაკაშირებული ვითარება უმჯობესდება – ხუბეის პროვინციის ნაწილთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლება იგეგმება
ჩინეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება უმჯობესდება.
ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს, რომ ბოლო ერთ დღეში მხოლოდ 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 ადამიანი გარდაიცვალა, 1578 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ჯამურად, ჩინეთში ინფიცირებულთა რიცხვი 80, 700 შეადგენს, მათგან 61, 4 ათასი გამოჯანმრთელდა, 3 158 გარდაიცვალა.
აღნიშნული მონაცემის პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ხუბეის პროვინციასთან, სადაც 23 იანვრიდან მიმოსვლა იყო შეჩერებული, მგზავრების გადაადგილება ეტაპობრივად განახლდება. ინფორმაცია ხუბეის პროვინციის ხელისუფლება ავრცელებს.
“ავია და სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო და საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა დაბალი და საშუალო რისკის მატარებელ რაიონებთან ეტაპობრივად განახლდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ტრანსპორტის მუშაობის განახლება შესაძლებელი იქნება პროფილაქტიკასთან და კონტროლის შესახებ ყველა საჭირო ზომის გათვალისწინებით. რაც შეეხება უხანს – ქალაქთან მიმოსვლის აღდგენა, ჯერჯერობით, არ იგეგმება.
ხუბეის პროვინციის მთავრობას ტრანსპორტის სარგებლობისთვის რეკომენდაცია აქვს გაცემული, კერძოდ, მოქალაქეებმა უნდა დაამტკიცონ რომ ჯანმრთელად არიან. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის “ჯანმრთელობის კოდი”, ან “ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირადი ნომერია” შემოღებული. მის მისაღებად უნდა გაკეთდეს განაცხადი პირადი ინფორმაციის მითითებით. თუ ადამიანი ჯანმრთელია და მოგზაურობის ისტორია წესრიგში აქვს, მისი კოდი იქნება მწვანე და საზოგადოებრივ ადგილებში მოხვედრის, ან ტრანსპორტში ასვლის დროს საბუთის სკანირება უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში მოქალაქეს წითელი კოდი მიენიჭება, რაც საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნისა და ტრანსპორტში ასვლის აკრძალვას გულისხმობს.
რაც შეეხება ქალაქ უხანში მდებარე საკვანძო დაწესებულებებს – შესაძლოა, მათი მუშაობა ეტაპობრივად განახლდეს.
პირველ ყოვლისა, მუშაობას ისეთი საწარმოები განაახლებენ, რომლებიც ეროვნული ეკონომიკისა და ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან არიან კავშირში. მათ შორის არიან, ის კომპანიები, რომლებიც ეპიდემიის კონტროლისა და პროფილაქტიკის სამუშაოებში არიან ჩართული – სამედიცინო საქონლის, მედიკამენტების, დამცავი და სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებლები.
ასევე, მუშაობის განახლებას შეძლებენ ის საწარმოები და კომპანიები, რომლებიც ქალაქის კომუნალური სამსახურების მუშაობას უზრუნველყოფენ – ელექტრომომარაგების, გათბობის, ნავთობის სექტორში, კავშირგაბმულობის სექტორში ჩართული კომპანიები, ასევე, ის ობიექტები, რომლებიც სამედიცინო ნარჩენების გადამუშავებით არიან დაკავებული.
მუშაობას შეუდგებიან კომპანიები, რომლებიც ხილ-ბოსტენულის, ან სხვა საჭირო პროდუქტების წარმოებით ან გადამუშავებით არიან დაკავებული. მუშაობის რეკომენდაცია მისცეს ასევე მაღაზიებს და სუპერმარკეტებს.
დანარჩენი კომპანიები მუშაობას, სავარაუდოდ, 20 მარტიდან შეძლებენ.