ლევან დავითაშვილის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა – სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტრო ავრცელებს.
“იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19.
გამომდინარე იქედან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ, ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას”, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.