„პოლიტიკური ელიტა იბრძვის მხოლოდ საკუთარი დაბინავებისთვის“ – დავით ჭიჭინაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს
“არ მივიჩნევ, რომ ეს ან ერთი, ან მეორე ძალის მიღწევაა, მე უბრალოდ მივიჩნევ – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა, პრაქტიკულად, იბრძვის მხოლოდ საკუთარი დაბინავებისთვის და არა ხალხის ბედ-იღბლისათვის”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რითაც საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
„როდესაც ამას რაღაც გამარჯვებად აცხადებენ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია იმიტომ, რომ ვიღაც პოლიტიკური ძალის გამარჯვება არ ნიშნავს ხალხის, ქვეყნის გამარჯვებას. ეს არის ბრძოლა ხელისუფლებისთვის და არა ხალხის კეთილდღეობისთვის. აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია, რომ რაღაც წინგადადგმული ნაბიჯია.
რეალურად რომ შევხედოთ: იყო ხალხის მიერ მოპოვებული გარკვეული დათმობები ხელისუფლებიდან და დღეს ამას ოპოზიცია, თითქოს, თავის გამარჯვებად აფორმებს. ის, რომ კომპრომისული ვარიანტი შედგა, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დამსახურებაა იმიტომ, რომ მათ უფრო მეტად დააფასეს ჩვენი ხალხის მოთხოვნები, ღირსებისთვის ბრძოლა, ვიდრე – პოლიტიკურმა ელიტამ, თორემ, რეალურად, ჩვენ ვნახეთ, „ქართული ოცნება“ არ იყო მზად არაფრის დასათმობად.
30 მაჟორიტარით, რეალურად, მაჟორიტარობის ინსტიტუტი დააკნინეს და, პრაქტიკულად, ფორმალური გახადეს იმიტომ, რომ ასეთ მცირე ამომრჩეველს არ ემსახურებოდა არცერთი მაჟორიტარი და თქვენ წარმოდიგინეთ, ამხელა ოლქებს ვინ მოემსახურება? მოსახლეობისთვის, პრაქტიკულად, მიუწვდომლები იქნებიან ეს ადამიანები.
პლუს მაგას, რაღაც აბსურდულია ეს 40 %-იანი ჩამკეტი სისტემა და მაჟორიტარების არმონაწილეობა ამ ნაწილში. როგორ წარმოგიდგენიათ: ზოგიერთმა პარტიამ შეიძლება, 20 – 22 000 ხმა აიღოს, კოალიციაში შესვლის და უმრავლესობის ჩამოყალიბების უფლება ჰქონდეს და მაჟორიტარს, რომელსაც 120-130 000 ამომრჩეველი ირჩევს და 60-65 ათასი ხმა სჭირდება რომ დეპუტატი გახდეს, ეუბნებიან, მთავრობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას ვერ მიიღებო. არ მივიჩნევ, რომ ეს ან ერთი, ან მეორე ძალის მიღწევაა, მე უბრალოდ მივიჩნევ – კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ,პრაქტიკულად, იბრძვის მხოლოდ საკუთარი დაბინავებისთვის და არა – ხალხის ბედ-იღბლისათვის“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
დეპუტატის თქმით, როცა საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე დადგება, ის ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
„მე მონაწილეობას არ მივიღებ. არავის მოუცია ჩემთვის მანდატი იმისა, რასაც ესენი აკეთებდნენ. ვფიქრობ, არც მათთვის მიუციათ მანდატი, რომ დამსხდარიყვნენ და ელაპარაკეთ ან 120/130-ზე, ან 140/110-ზე, სხვადასხვა რიცხვებით მანიპულირება იყო“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება 8 მარტს შედგა.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, 1 %-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
თამუნა შეყილაძე