უხანში კორონავირუსით ინფიცირებულთათვის გახსნილი დროებითი ჰოსპიტლები დახურეს – ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა
უხანში კორონავირუსით ინფიცირებულების მისაღებად გახსნილი 14 დროებითი ჰოსპიტალი მას შემდეგ დახურეს, რაც ყველა ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღეს უხანის სტადიონზე გახსნილი დროებითი ჰოსპიტალი “უჩანი” ბოლო პაციენტთა ჯგუფის გაწერის შემდეგ დახურეს.
ხუბეის პროვინციაში რიგ სტადიონსა და საგამოფენო ცენტრში 14 დროებითი ჰოსპიტალი იყო გახსნილი.
ოფიციალური მონაცემით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ხუბეის პროვინციაში მხოლოდ 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, უხანში 1152 პაციენტი გაწერეს, 17 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.
ეპიდემიის დაწყების მომენტიდან ხუბეის პროვინციაში კორონავირუსით ინფიცირების 67 760 შემთხვევა დადასტურდა, 47 585 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 024 გარდაიცვალა, კლინიკებში 17 151 პაციენტი რჩება, მათგან 4 701-ის მდგომარეობა მძიმეა.