ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტები საქართველოს საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ულოცავენ
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტები – მარგარეტა ცედერფელტი და კრისტიან ვიგენინი ეხმაურებიან საქართველოში მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმის პაკეტთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას და განცხადებას აქვეყნებენ.
“როგორც ეუთო-ს ბოლო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანლები, მივესალმებით კვირას საქართველოს საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას. ვულოცავთ მხარეებს ამ ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებას, რომელიც პარლამენტის მიერ ფორმალური მიღების შემდეგ უზრუნველყოფს შერეულ პროპორციულ-მაჟორიტარულ სისტემას, უფრო დაბალ საარჩევნო ბარიერსა და საარჩევნო ოლქების უფრო დაბალანსებულ შემადგენლობას,
წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ეს შეთანხმება შეიძლება ემსახურებოდეს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში არსებულ ყველა ძალას შორის ნდობის დამყარებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, გააგრძელონ თავიანთი ძალისხმევა დემოკრატიული სისტემის ასაშენებლად, რომელიც ყველასთვის მუშაობს და თავიდან აირიდონ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზაცია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოსთან კეთილსინდისიერი რეფორმის გასაგრძელებლად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სიდერფელტი და ვიგენინი 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელები და ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორები იყვნენ.