გიორგი მარგველაშვილი: მაჟორიტარად კენჭისყრას არ ვაპირებ
“არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესში ვიქნები, რა სტატუსითა და რა ფორმით, ამაზე ვმუშაობ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, მისი მიზანია, რომ საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატია შედგეს.
„მე არ განმიხილავს მაჟორიტარად კენჭისყრა. რა თქმა უნდა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ამ პარტიების მიერ საუბარი იქნება. არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ნამდვილად შევეცდები, რაიმე შევმატო. რა სტატუსითა და რა ფორმით, ამაზე ვმუშაობ. ჩემი მიზანია, რომ საქართველოში შედგეს მრავალპარტიული დემოკრატია. არ შეიძლება საქართველო წლების განმავლობაში, მოძრაობდეს რაღაც გაუგებარი დაპირისპირების ფონზე, ერთმანეთის წინააღმდეგობით იყოს პოლიტიკური პროცესი განპირობებული და არა რაღაც მიზნისთვის. ესაა ჩემი მიზანი, როგორ მივაღწევ, ამას ვნახავთ. მჯერა, რომ ოპოზიციური ერთობა ჩამოყალიბდება მაჟორიტარობაზე. მე ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად, მე მინდა უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო ის დეტალები, რომელზეც მქონდა საუბარი. მე რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი ნიშნავს, რომ იმ უბანში ვიქნები ჩაკეტილი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.