ვახტანგ გომელაურმა ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა (ფოტოკოლაჟი)
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დაესწრნენ.
ბაკურიანის პოლიციის განყოფილების შენობის მშენებლობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შენობა კეთილმოწყობილია და თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
უწყების ინფორმაციით, ბაკურიანის პოლიციის განყოფილების ახალ შენობაში იმუშავებს როგორც საპატრულო, ასევე, კრიმინალური პოლიციის 50-ზე მეტი თანამშრომელი. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი, ნივთმტკიცების ოთახები და საკონფერენციო დარბაზი. ნაგებობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ბაკურიანის პოლიციის განყოფილებაში ასევე განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის შიდა-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ბაკურიანის დროებითი მოთავსების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იზოლატორი.
შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა და დანაყოფების ხელმძღვანელებისგან რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაური რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნო.
მინისტრმა თანამშრომლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.