ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის პერსპექტივა მარტში – ტურიზმის ადმინისტრაცია სირთულეებს პროგნოზირებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებით, კორონავირუსის გამო, ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის მარტი გამოწვევებით იქნება სავსე.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, ახალმა კორონავირუსმა უკვე იქონია უარყოფითი გავლენა ეკონომიკასა და ტურიზმის დარგზე მთელ მსოფლიოში და იგივე პერსპექტივა აქვს საქართველოსაც.

„საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, საერთაშორისო ავიაციის დანაკლისმა ორ თვეში უკვე შეადგინა 4,9 პროცენტი. წლიურმა დანაკლისმა კი შესაძლოა, 13 პროცენტს მიაღწიოს, რაც, ჯამურად,  საავიაციო სექტორისთვის 28 მილიარდამდე დოლარის შემოსავლის შემცირებას გულისხმობს. საერთაშორისო ობიექტური ტენდენციებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მარტის თვე მაღალი გამოწვევებით სავსე იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე – მთელი მსოფლიოსთვის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში“, – აღნიშნავს უწყება.
მოსალოდნელი ზარალის შესამცირებლად, ტურიზმის ადმინისტრაცია სხვადასხვა მიმართულებით მარკეტინგული კამპანიების ინტენსივობის გაზარდას გეგმავს. უწყებაში იმედი აქვთ, რომ, ყველა იმ პრევენციული ზომების გათვალისწინებით, რასაც საქართველოს მთავრობა კორონავირუსთან დაკვშირებით ახორციელებს, ტურისტები არჩევანს საქართველოზე შეაჩერებენ.

„ასეთი ზომები ხელს შეუწყობს საქართველოს იმიჯს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით საქართველო დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის არის. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, ეს იმიჯი, ვირუსის ჩაცხრომასთან ერთად, დაეხმარება კერძო სექტორს და ხელს შეუწყობს პოტენციურ ტურისტებს, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობისას არჩევანი საქართველოზე გააკეთონ“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
უწყების მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 257 547 შეადგინა, რაც 9 842-ით მეტია 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელზე. ამასთან, თებერვალში საქართველოში 466 409 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ამ შემთხვევაში კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტია.

შეგახსენებთ, რომ, კორონავირუსის გავცრელებასთან დაკავშირებით, საქართველომ ჩინეთსა და ირანთან პირდაპირი საჰარეო მიმოსვლა დროებით შეწყვიტა. ბოლო ინფორმაციით, ფრენები შეჩერებულია იტალიის მიმართულებითაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები