პოლიტიკა და “ქურდული” სუბკულტურა, ანუ როგორ „დააკაჩავა” „ჩერგომ” მიშა მშვილდაძე – „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად”

„ოპოზიციაში არის „კრიმინალური ავტორიტეტი” თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც “ტისკავს” მიშა მშვილდაძეს და ლაპარაკობს იმას, რასაც არ ლაპარაკობს გიგა ბოკერია”, – ამბობს პოსტვ-ის ტოქშოუს „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად” ავტორი და წამყვანი, შალვა რამიშვილი.
გადაცემაში, რომლის სტუმრები ანალიტიკოსები ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი იყვნენ, ისაუბრეს ტვ „ფორმულას” ეთერში თამარ ჩერგოლეიშვილსა და მიშა მშვილდაძეს შორის კამათზე, რომელიც მშვილდაძის მიერ “ფეისბუკში” გამოქვეყნებულმა სტატუსმა გამოიწვია, სადაც იგი 40%-იან პრინციპთან დაკავშირებით წერს – „აქ რაღაც ვაჭრობის სუნი დგება და არაფრით არ უნდა დავუშვათ, რომ ციფრებით ჟონგლიორობაში გადაიზარდოს ეს ე.წ. “მოლაპარაკებები”. მშვილდაძის აზრით, ამაზე აყოლა არის მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლა, მოსახლეობის ნება ნათელია – ეს არის პროპორციული არჩევნები.
ამის პასუხად, თამარ ჩერგოლეიშვილმა მშვილდაძეს უთხრა, რომ, სანამ სუნს დააყენებდა, უნდა ეკითხა.
შალვა რამიშვილის თქმით, ეს იყო წმინდა წყლის “ქუჩური გარჩევა” და ჩერგოლეიშვილმა მიშა მშვილდაძეს ადგილი მიუჩინა.
„ჩერგოლეიშვილმა ყველაფერი სააშკარაოზე გამოიტანა. მან დაადასტურა, რომ ჩატიც ჰქონდათ, ბოკერია ეუბნებოდა პირდაპირ, ვინ უნდა გამოსულიყო და ვინ არა „სირცხვილიას” აქციებზე, რომელიც თითქოსდა აპოლიტიკური იყო. მშვილდაძეს პირდაპირ უთხრა ჩერგოლეიშვილმა, რომ ჩატში წყდებოდა, ვინ ყოფილიყო სპიკერი და ვინ – არა, მიტინგზე რომელ საათზე უნდა მისულიყვნენ და სიტყვით როდის გამოსულიყვნენ. მიშა მშვილდაძე არ არის ამ კრიმინალური სუბკულტურის წევრი. მას გასაგებად, საჯაროდ აუხსნეს, რომ არ არის მართალი და „ნახალკებს” ტენის სერიოზულ ხალხს. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ მიშა მშვილდაძის დაცემა”, – განაცხადა შალვა რამიშვილმა.
​გადაცემაში გამოყენებული იყო ჩერგოლეიშვილსა და მშვილდაძეს შორის კამათის ფრაგმენტები, სადაც ჩერგოლეიშვილი ამბობს: „ლეიბორისტების” ოფისში ხომ შეგიხედავს, ეს ხალხი რომ არჩევნებს მოიგებს, შემოტრიალდება, ერთმანეთს შეხედავს და არაფერი საერთო არ აქვს, ამაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ. ამაზე ფიქრობს დასავლეთიც. იმისთვის, რომ დასავლეთი გვერდით გამოგყვეს, უნდა აჩვენო თანამშრომლობის სურვილი. გერმანიის ელჩი რომ გეკითხება, რატომ არ მიყვები 110/40-ს, ხომ ჯობია და რატომ გაქვს გაჭედილი 120/30-ზე. შენ ხომ უნდა გყავდეს ის პროცესში, ამ სიტუაციაში შენს მხარეზე უნდა იყოს და კარგად ესმოდეს შენი არგუმენტი, ახირებული კი არ ხარ, ან ეს მომეცი და ან არაფერი, ამ შემთხვევაში შემოდის 40%-ის პრინციპი”.
​შალვა რამიშვილის თქმით, ბოლოს და ბოლოს, თქვეს, რატომ ჰყავთ ბურჯანაძე და ერთკაციანი, მათთვის არასასურველი პარტიები. მისივე თქმით, ჩერგოლეიშვილი უცხოელებთან ურთიერთობის პასაჟს აჟღერებს და მიშას ესაუბრება.
„ოცნების” მთავარი ბრალდებაა – თქვენ ხართ ერთმანეთისთვის მიუღებელი ძალები და ჰიპოთეტურად რომ მოიგოთ, ქვეყანა შევა ჩიხში. ჩერგოლეიშვილი ზუსტად ამას ადასტურებს, არანაირი განვითარების გეგმა არ აქვთ და აბსოლუტურად ანტაგონისტური ძალები არიან, ხელისუფლებაში მოსვლის წყურვილით არიან აღვსილნი. მნიშვნელოვანი პასაჟია გერმანიის ელჩი, რომელიც ჩართულია ამ კონსულტაციაში და განცხადებებით გამოდიოდა, რომ ძალიან ახლოს ვართ მიღწევასთან, თურმე ლოგიკურ კითხვას სვამს, რატომ არ გინდათ 110/40-ზე, იმას ხომ უნდა ავუხსნათო. აქ მთავარი ის არის, რომ ხალხს კი არ უნდა აუხსნან – ეს გამაოგნებელი სითავხედეა, გერმანიის ელჩი რომ გეკითხება, იმას ხომ უნდა აუხსნაო და ქართველ ხალხს არ უნდა აუხსნა? მიშა მშვილდაძეს არ უნდა აუხსნა?” – განაცხადა შალვა რამიშვილმა.
ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი მიიჩნევს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია კრიზისის ემბლემაა.
ბაჩო ოდიშარიას თქმით კი, მთავარია, ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში და მერე რა მოხდება, მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა.
„რატომ უნდათ გუბაზი, მიშა, ბურჯანაძე? ბოკერიას იდეაა, უცხოელებს დაანახოს, რომ მთელი ეს ზონა ერთადაა. ბოკერიას უნდა იმის განცდა, რომ მთელი ოპოზიციური საზოგადოება, მასა მისკენაა. ეს მოძრაობა არ გამოხატავს ხალხის ხმას. ისინი სამყაროს უყურებენ ამერიკელის თვალით. ჩვენ რომ შიგნიდან შევხედოთ ამ გაერთიანებას, ნაცისტი და ებრაელი უფრო ლოგიკურია, ვიდრე ეს. ეს არის კოლონიალიზმი, მანიფესტია ამათი. ჩვენ ამას ვერ გავცდით, ამბობენ, რომ ეს ძალა არის ხალხის რეპრეზენტატორი და ამ დროს იმათთან არიან ანგარიშველდებული”, – მიიჩნევენ ანალიტიკოსები.
როგორც გადაცემაში ითქვა, ბოკერია და სააკაშვილი ერთია, რადგან ყველა კრიტიკულ სიტუაციაში ისინი ერთიანდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები